წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური
სკოლა–გიმნაზიის ისტორია

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია დაარსდა 2010წელს საქართველოს კათოლიკოს პარტიარქის ილია II ლოცვა–კურთხევით.
ასეთი ტიპის სასწავლებლები უკვე არსებობდა სხვადასხვა ეპარქიებში და ბუნებრივია სენაკშიც, სადაც ყოველთვის იყო და დღესაც არის განათლების დიდი კულტურა და ტრადიციები, გაჩნდა სკოლა–გიმნაზიის დაარსების სურვილი, რომელიც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა–კურთხევით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის უანგარო თანადგომით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და მრავალი ადამიანის შემოწირულობითა და სიყვარულით განხორციელდა.
სასწავლებლის დაარსების იდეა თავიდანვე დაუკავშირდა ღირსი ალექსი ბერის (შუშანია) სახელს.
ღირსი ალექსი ბერი დაიბადა და მოღვაწეობდა სენაკში და იგი ჩვენი ეპარქიის განსაკუთრებული მფარველია. ამავე დროს წმინდანი ბევრს წერდა და ქადაგებდა განათლების მნიშვნელობაზე. სკოლა–გიმნაზიისათვის მისი სახელის მინიჭებით შესაძლებელი გახდა ალექსი ბერის პიროვნების მეტად წარმოჩენა, ვინაიდან იგი შედარებით ახალი შერაცხულია წმინდანად და მას ჯერ საკმარისად არ იცნობენ.
ჩვენი აზრით დღეს ქვეყანაშიც და ეკლესიაშიც კარგი განათლების მიცემა უპირველესი ამოცანაა და ჩვენი მიზანია, რომ მაღალი დონის საერო განათლებასთან ერთად შევძლოთ ქრისტიანულ ფასეულობებზე ბავშვების აღზრდა.
სკოლა–გიმნაზია ემსახურება კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების, ქვეყნის კულტურული ღირებულებების და ტოლერანტობის განვითარებას. პედაგოგიური კოლექტივის წინაშე დგას ამოცანა აღზარდოს ზნეობრივად და ფიზიკურად განვითარებული, განათლებული, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა და ამით ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით (I-VI) საფეხურზე.
სკოლა–გიმნაზიაში სწავლება ხორციელდება გახანგრძლივებული დღის რეჟიმით. ერთჯერადი კვებით. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 18-ს. ამჟამად სკოლა–გიმნაზიის I-III კლასებში სწავლობს 129 მოსწავლე.
სკოლა–გიმნაზიას გააჩნია საკუთარი სამოსი (ფორმა) და ლოგო, რომელზედაც გამოსახულია ხოხობი. ლოგოს არჩევა სიმბოლურია, რადგანაც აქ ორი თემა ემთხვევა ერთმანეთს. პირველი ის, რომ ხოხობი სენაკის სიმბოლოა, ვინაიდან ოდითგანვე კოლხეთის დაბლობში ბინადრობდა და ანტიკური და ელინისტური ხანის ავტორები ხოხობს ფაზისის ფრინველს უწოდებდნენ და მეორე – ძველ ქართულ ტაძრებზე ხოხობი რელიეფურად გამოისახებოდა, როგორც სამოთხის ფრინველი, სამოთხისეული ყოფის ერთ–ერთი ნიშანი.
სკოლა–გიმნაზიას ჰყავს მოძღვარი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების აღზრდის საქმეში. სკოლა–გიმნაზიის ეზოში სენაკელი ბიზნესმენის დემურ გადელიას შემოწირულობით შენდება წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის ტაძარი, სადაც სასწავლებლის მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და მრევლს შესაძლებლობა ექნება დაესწროს წირვა–ლოცვებს. სკოლა–გიმნაზიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა. აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, სატრაპეზო და სამედიცინო კაბინეტი.
მართალია ჩვენ ორ წელს ვითვლით დაარსებიდან და ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებითი კლასები ფუნქციონირებენ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ვიცხოვროთ საინტერესო და დატვირთული სასკოლო ცხოვრებით, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ღონისძიებებში. ერთ–ერთი მათგანია ჩვენი პირველი სერიოზული განაცხადი – მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და ჩატარდა 2011 წლის 27-28 ნოემბერს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქოს განათლების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფმა დასავლეთ საქართველოს სკოლებმა.
ჩვენმა სასწავლებელმა სენაკის რაიონში გარკვეული ავტორიტეტი მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ ყოველწლიურად სკოლა–გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატება მისაღებ კონტიგენტთა რიცხვს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია საპატრიარქოს სკოლებისადმი საზოგადოების ინტერესი და ჩვენი ჯერ–ჯერობით პატარა სასწავლებელი იღწვის იმისათვის, რომ გახდეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com

(0413) 27 82 72