წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური
სკოლა–გიმნაზიის ისტორია

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია დაარსდა 2010წელს საქართველოს კათოლიკოს პარტიარქის ილია II ლოცვა–კურთხევით. ასეთი ტიპის სასწავლებლები უკვე არსებობდა სხვადასხვა ეპარქიებში და ბუნებრივია სენაკშიც, სადაც ყოველთვის იყო და დღესაც არის განათლების დიდი კულტურა და ტრადიციები, გაჩნდა სკოლა–გიმნაზიის დაარსების სურვილი, რომელიც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა–კურთხევით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის უანგარო თანადგომით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და მრავალი ადამიანის შემოწირულობითა და სიყვარულით განხორციელდა.

სასწავლებლის დაარსების იდეა თავიდანვე დაუკავშირდა ღირსი ალექსი ბერის (შუშანია) სახელს. ღირსი ალექსი ბერი დაიბადა და მოღვაწეობდა სენაკში და იგი ჩვენი ეპარქიის განსაკუთრებული მფარველია. ამავე დროს წმინდანი ბევრს წერდა და ქადაგებდა განათლების მნიშვნელობაზე. სკოლა–გიმნაზიისათვის მისი სახელის მინიჭებით შესაძლებელი გახდა ალექსი ბერის პიროვნების მეტად წარმოჩენა, ვინაიდან იგი შედარებით ახალი შერაცხულია წმინდანად და მას ჯერ საკმარისად არ იცნობენ.

 ჩვენი აზრით დღეს ქვეყანაშიც და ეკლესიაშიც კარგი განათლების მიცემა უპირველესი ამოცანაა და ჩვენი მიზანია, რომ მაღალი დონის საერო განათლებასთან ერთად შევძლოთ ქრისტიანულ ფასეულობებზე ბავშვების აღზრდა. სკოლა–გიმნაზია მოზარდს უვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების  პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით (I-VIკლ),  საბაზო (VII-IXკლ) და საშუალო(X-XIIკლ) საფეხურზე. სკოლა–გიმნაზიაში სწავლება ხორციელდება გახანგრძლივებული დღის რეჟიმით. ერთჯერადი კვებით.

ამჟამად სკოლა–გიმნაზიის I- XII კლასებში სწავლობს 456 მოსწავლე. სკოლა–გიმნაზიას გააჩნია საკუთარი სამოსი (ფორმა) და ლოგო, რომელზედაც გამოსახულია ხოხობი. ლოგოს არჩევა სიმბოლურია, რადგანაც აქ ორი თემა ემთხვევა ერთმანეთს. პირველი ის, რომ ხოხობი სენაკის სიმბოლოა, ვინაიდან ოდითგანვე კოლხეთის დაბლობში ბინადრობდა და ანტიკური და ელინისტური ხანის ავტორები ხოხობს ფაზისის ფრინველს უწოდებდნენ და მეორე – ძველ ქართულ ტაძრებზე ხოხობი რელიეფურად გამოისახებოდა, როგორც სამოთხის ფრინველი, სამოთხისეული ყოფის ერთ–ერთი ნიშანი. სკოლა–გიმნაზიას ჰყავს 2 მოძღვარი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლეების აღზრდის საქმეში. სკოლა–გიმნაზიის ეზოში სენაკელი ბიზნესმენის დემურ გადელიას შემოწირულობით აშენდა ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) სახელობის ტაძარი, სადაც სასწავლებლის მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და მრევლს შესაძლებლობა აქვს დაესწროს წირვა–ლოცვებს.

 სკოლა–გიმნაზიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი(მანსარდით) შენობა. აღჭურვილი საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, სატრაპეზო და სამედიცინო კაბინეტი.  ჩვენ 14 წელს ვითვლით,  მაგრამ ღირსი ალექსი ბერის შეწევნითა და  გუნდური ძალისხმევით სკოლა-გიმნაზიამ არაერთ წარმატებას მიაღწია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სახელოვნებო მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს:

2017წ. - პირველ სასკოლო ჰაკათონზე მიღებული გრან-პრი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში - პირველი ადგილი და აშშ-ში ნასას კვლევით ცენტრში ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება პროექტით - ,,შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის".

2018წ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები, სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები პროექტით -”უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის”.

2019წ.-მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მიღებული საუკეთესო მასწავლებლის წოდება-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) საუკეთესო მასწავლებელი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ტოლია(უტა) კილასონია.

2020 წ. - ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია" – II ადგილი და სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბის       ,,ECO-R"-ის ეკო-სპიკერი საუკეთესო სპიკერად დასახელდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“, რომლის გამარჯვებული  გახდა პროექტი "რიგის კონტროლის სისტემა".

2020წ. - საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია EDAG-ის მიერ ჩატარებული კარლ პოპერის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდნენ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი სკოლა-გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი ნათელა (ნათია) დავითაია გახდა.

2021წ. განათლების მსოფლიო კვირეული - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია მსოფლიოს 100 საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“, რომლის გამარჯვებული გახდა პროექტი "თერმული წყლები".

2022 წ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციურ კონკურსში - პირველი ადგილი და აშშ-ში ნასას კვლევით ცენტრში ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება პროექტით -  „რადიაციის კვლევისა და უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა“. ამავე კონკურსში მე-4 ადგილი პროექტით “მაღაროელი რობოტი და ჭკვიანი უნიფორმა„.

           სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX), რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა  ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
 

           2020-2021 ს/წ. - სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება. 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. 16 სტუდენტი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ორი 100%-იანი, ორი 70%-იანი და ხუთი 50%-იანი გრანტი.

           2021-2022 ს/წ სკოლა-გიმნაზიის მეორე გამოშვება. 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. 16 სტუდენტი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში.  ორი 100%-იანი, ორი 70%-იანი და ხუთი 50%-იანი გრანტი.

           2022-2023 ს/წ    სკოლა-გიმნაზიის მესამე გამოშვება. 15 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. 30 სტუდენტი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ორი 70%-იანი და   თერთმეტი 50%-იანი გრანტი(მათ შორის ერთი შიდა 100%-იანი დაფინანსება)                        

ჩვენმა სასწავლებელმა სენაკისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში ავტორიტეტი მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ ყოველწლიურად სკოლა–გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატება მისაღები კონტიგენტის რიცხვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია საპატრიარქოს სკოლებისადმი საზოგადოების ინტერესი. ჩვენმა სასწავლებელმა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების დიდ ოჯახში დამსახურებულად დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com

(0413) 27 82 72