წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)


წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) ალექსი ბერი (შუშანია ალექსი 23.09.1852 სოფ. ნოქალაქევი, სენაკის
მაზრა – 18.01.1923, სოფ. მენჯი) წმ. ღირსი მამა (ხსენ. 18/31 იანვარს), მღვდელმონაზონი, ასკეტი, ისიქასტი, ქართული მონაზვნობის გამორჩეული მოძღვარი, საეკლესიო მწერალი და პოეტი. დაიბადა 1852წ.
აზნაურ ლევან შუშანიას კეთილმორწმუნე ოჯახში. 1869წ. ალექსი ბერი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც ვაჭრობდა ბიძამისი, სარწმუნოებით და განათლებით გამორჩეული ისლან შუშანია. კონსტანტინოპოლში ყოფნისას, მის მსოფლმხედველობაში მოხდა დიდი გარდატეხა. ზეგარდამო ხილვების შედეგად ალექსიმ სამონაზვნო მოღვაწეობის გზა აირჩია. აღუთქვა უფალს მისთვის შეეწირა ცხოვრება, ორი თვის განმავლობაში სულ ორჯერ გამოვიდა ოთახიდან და ეს პერიოდი სასულიერო წიგნების კითხვაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნებულ ალექსი ბერს დედამ დაულოცა არჩევანი. ალექსი ბერი შეუდგა მზადებას სამონაზვნო მოღვაწეობისთვის. მან განიზრახა მონასტერში შედგომამდე აღესრულებინა ის სათნოებები, რაზედაც საუბარია საშინელი სამსჯავროსათვის სახარებისეულ იგავში (მთ. 25, 31-46). წლების განმავლობაში, იგი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა ალექსი ბერის მოღვაწეობამ მრავალი მიმდევარი შეიძინა. ზოგიერთი მათგანი მას სოფელ-სოფელ დაჰყვებოდა, ზოგიერთი მონაზვნად მიდიოდა და შტატგარეშე მონასტრებს აარსებდა. აასე დაარსდა დედათა მონასტერი სახარბედიოში (დღევანდელი თეკლათის მონასტერი), მოგვიანებით კი ალექსი ბერის მიერ დაარსებული სავანე ე.წ. მთავარანგელოზთა კუნძულზე.
1875წ. იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელ (ქიქოძემ) დალოცა ალექსი ბერი და უკურთხა ცხოვრების წესი და არჩეული გზა. სავარაუდოდ იმავე წელს ალექსი ბერი შეუდგა თავისებური სალოსობის ღვაწლს. ალექსი ბერის მაგალითითა და ზეგარდამო გამოცხადებებით სხვადასხვა დროს მონაზვნებად აღიკვეცნენ მისი დედა, დები სოფიო და სალომე და ძმა ბესარიონი. მოგვიანებით აღიკვეცა ბიძა ისლანიც.
1891წ. ზეგარდამო გამოცხადებით და ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით მამა ალექსიმ დაიწყო სამონაზვნო სენაკის მშენებლობა სოფ. ზემო თეკლათის (დღევანდელი სოფ. მენჯი) მიდამოებში პატარა მთაზე ქ. სენაკის მახლობლად. ხალხი ამ ადგილს მთავარანგელოზთა სალოცავს, ან კუნძულს უწოდებდა. აქ იყო ძველი ქვითკირის მთავარანგელოზთა სახელობის მცირე ტაძარი, რომლის ადგილზე ალექსი ბერმა შემდეგ ახალი ააშენა. ეპისკოპოს გრიგოლისგან ალექსი ბერმა აქ განმარტოებით ცხოვრების ლოცვა-კურთხევა მიიღო. 1892წ. 24 ივნისს იგი, რამდენიმე მოწაფესთან ერთად დამკვიდრდა ახლად აშენებულ სენაკში, ყოველ დღე აღასრულებდა წმ. ლიტურგიას და მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. 1898წ. ალექსი ბერი დაყუდებულის ღვაწლს შეუდგა, რომელიც მისი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა. ხალხს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. საზრდოს დღეში ერთხელ იღებდა და ჯვალოს სამოსელს ატარებდა.
1904წ. მაისის სავარაუდოდ 17-22 რიცხვებში თეკლათის დედათა მონასტერში ათონიდან მობრძანდა ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის “დაუჭკნობელი ყვავილის” ასლი. იგი დაწერილი იყი საკუთრივ ამ მონასტრისათვის ათონზე ქართული სავანის კეთილმოწესის მღვდელმონაზონ იონას (ხოშტარია) მიერ. საზეიმო წირვის შემდეგ, რომელიც ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) აღავლინა, სიტყვა თავად ალექსი ბერმა წარმოთქვა.
1908წ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის წმ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე) კურთხევით ალექსი ბერმა დაიწყო ძველი ტაძრის დაშლა და ახლის მშენებლობა. ამ დროისათვის ალექსი ბერთან ერთად უკვე რამდენიმე მონაზონი იღვწოდა. შემდგომში მთავარანგელოზთა კუნძულზე მოწაფეთა რიცხვმა იმრავლა (დაახლ. 20-30). ზოგიერთ მათგანს ალექსი ბერი ათონის მთაზე აგზავნიდა, ზოგი შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მსახურობდა და ცნობილი მოღვაწე გახდა. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი იოანე (მხეიძე), ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე), წილკნელი ეპისკ. პავლე ჯაფარიძე არქიმანდრიტი შიო (ძიძავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია ჳჳ მოძღვარი), მღვდელმონაზონი იოაკიმე (შენგალაია), სქემონაზონი გიორგი ბულისკირია და სხვ.
ალექსი ბერი გარდაიცვალა 1923წ. 18 იანვარს (ძვ. სტ.)
ალექსი ბერი დაკრძალეს ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხევლის წინა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან. 05/06.01.1960 ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერის ნეშტი გადასვენებულ იქნა მთავარანგელოზთა კუნძულის სავანეში და 09.01. ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან იქნა დაკრძალული. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი. გადასვენების შემდეგ ძველ საფლავში დატოვებული იყო ნეშტის მცირე ნაწილი.
18.09.1995წ. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ბერი ალექსი შუშანია შერაცხულ იქნა წმინდანად. 1999 წმიდა ბერის საფლავი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ჳჳ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერის საფლავზე აიგო მცირე ბაზილიკური ტაძარი, რომელიც 2000წ. იკურთხა. ალექსი ბერის სულიერებაზე და სიწმინდეზე მოწმობს ეპიტაფია საფლავის ქვაზე, რომლის ტექსტიც მან თავად შეადგინა და დატოვა წერილობითი ანდერძის სახით:
“...ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე. ალექსი ბერი”.

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com

(0413) 27 82 72